„ქართული ოცნება“ ხალხს არა, მაგრამ ივანიშვილის მინისტრებსა
და უმრავლესობის წევრებს ნამდვილად აუხდათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ახალი ჯიპი
- „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ იყიდა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა (ის ახალი ჯიპით პარლამენტშიც
მივიდა). როგორც ჩანს, ჯაჭვლიანი, 70 ათას დოლარიანი ჯიპით უფრო მეტად იზრუნებს გლდანელებზე.
თუმცა, ოცნებაახდენილი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი
არ არის ერთადერთი, ვინც არჩევნების შემდეგ
ძვირადღირებულ მანქანას „მოაჯდა“.
ჩვენი ინფორმაციით, 135 ათასად „რენჯ როვერის“ ჯიპი
შეიძინა განათლების მინისტრმა და ნინო ბურჯანაძის ფავორიტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი, რომელიც გამინისტრებამდე ჟანგიანი „ნისანით“ დადიოდა, ახლა ინგლისის
სიამაყით - „რენჯ როვერით“ ივლის.
„ამჟამად სამსახურის მანქანით დავდივარ, მანამდე კი,
ჩემი ძველი მანქანით ვმოძრაობდი. ბოლოს, ავტომანქანა 1999 წელს ვიყიდე“ - ასე გვიპასუხა
განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე - როდის და რამდენად იყიდეთ
„რენჯ როვერის“ ახალი ჯიპი?
სავარაუდოდ, მარგველაშვილმა მანქანა მეგობარზე გადააფორმა
და ახალ შენაძენს ამიტომაც მალავს. ქონების სხვაზე გადაფორმება ჯერ კიდევ შევარდნაძის
ეპოქაში იყო აპრობირებული.
თბილისის იმდროინდელი პოლიციის უფროსი, სოსო ალავიძე,
რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ „ხელფასზე ცხოვრობდა“, ფეშენებელურ აგარაკებს
სიდედრსა და სიდედრის ნათესავებზე აფორმებდა.
რაც შეეხება „მეოცნებეებს“... ივანიშვილის ფულებს დახარბებულმა
ახალი ხელისუფლების წევრებმა, ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე
დაიწყეს. მაგალითად, ოლიგარქის მიერ გადარიცხული მილიონებიდან, დავით უსუფაშვილმა და
თინა ხიდაშელმა, „ტოიოტას“ ცენტრიდან „პრადო“ და „ქამრი“ გაიყვანეს.
იხილეთ სოსო ჯაჭვლიანის 70 ათას დოლარიანი ჯიპის ფოტო