www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:17 30.10.2012
მოუტანს თუ არა საქართველოს, კარჩაკეტილი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი, ნამდვილ დემოკრატიას?

სექტემბრის ბოლო შაბათ დღეს, თვალისმომჭრელ მზიან ამინდში თბილისში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ დედაქალაქის ცენტრალური, თავისუფლების მოედანი და მასთან მიმავალი ცენტრალური, რუსთაველის გამზირი მთლიანად შეავსეს. მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა პატარა, ტანმორჩილი მამაკაცი დგას. პაუზების დროს ის ხელს ზევით წევს და გაჰყვირის „სა-ქარ-თვე-ლო!“, უღიმის რა ხალხს მათგან საპასუხო შეძახილის მოლოდინში.

„დღესავით ნათელია – ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ“, თქვა მან. „ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაგვაშოროს ცივილიზაციას, თანამედროვეობას და დემოკრატიას!“.

უკანასკნელად საქართველოს დედაქალაქმა, ადამიანთა ასეთი მასშტაბის შეკრება ცხრა წლის წინ, პროდემოკრატიული ვარდების რევოლუციის დროს იხილა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში. მან ბოლო მოუღო კორუფციულ, ქაოტურ ერას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა (მას ყველაზე კარგად იცნობენ მისი წარსული პოზიციის გამო, როდესაც მიხეილ გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა). ხელისუფლებაში ახალგაზრდა, რეფორმატორთა მთავრობის მოსვლით, დასავლეთს იმედი გაუჩნდა, რომ საქართველო მისი 4.5-მილიონიანი მოსახლეობით თავისუფლების და კეთილდღეობის შუქურად გარდაიქმნებოდა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. თავად სააკაშვილი ვაშინგტონის და ბრიუსელის ფავორიტად იქცა მოსკოვთან (რომლის იმპერიის შემადგენლობაშიც საქართველო ორი საუკუნის განმავლობაში შედიოდა) შეურიგებელი პოზიციის და ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაყენების გამო. თუმცა ამ სვლას 2008 წელს საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი მოჰყვა.

მაგრამ კაცი, რომელიც სექტემბრის იმ შუადღეს ხალხის წინაშე გამოდიოდა, სააკაშვილი არ იყო. არამედ ბიძინა ივანიშვილი, ერთ დროს კარჩაკეტილი 56 წლის მაგნატი, და პოლიტიკოსი, რომლის დარი ყოფილ საბჭოთა სივრცეს არასდროს უნახავს. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება $6.4 მილიარდია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევრის ტოლია. ის იოგათია დაკავებული. აქვს კერძო ზოოპარკი ზებრებითა და პინგვინებით, თავის მშობლიურ სოფელში ცენტრალურ საქართველოში. მის 1-მილიარდიან არტკოლექციაში პიკასოს და ფროიდის ნამუშევრებია. თბილისში $40-მილიონიან თანამედროვე სასახლეში ცხოვრობს, რომელიც დედაქალაქს გადმოჰყურებს. ჰყავს ოთხი შვილი, აქედან ორი ალბინოსი; ერთ-ერთი რეპერია.

და ამ მასობრივი აქციიდან ორ დღეში, ექვსპარტიულმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც პოლიტიკაში სულ რაღაც ერთი წლის წინ შეაბიჯა, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 55%-ით გაიმარჯვა.

დასავლეთის დედაქალაქებისთვის ეს შოკი იყო – მან სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან გაისტუმრა. ივანიშვილი პრემიერმინისტრი უნდა გამხდარიყო და მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა.

ივანიშვილის გამარჯვება პარადოქსი იყო. სააკაშვილის მხრიდან მისი პარტიის დამარცხების ღირსეულად აღიარებასთან ერთად (მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ის სახელმწიფოს მეთაურად რჩება), ეს საქართველოს ახალი დემოკრატიული საფუძველების განმტკიცებას ჰგავდა. თუმცა, ეს სილის გაწვნაც იყო სააკაშვილის რეფორმატორებისა და, გარკვეულწილად, მათი დასავლელი მხარდამჭერებისთვისაც.

მტრული კამპანიის დროს, სააკაშვილი ივანიშვილს მოსკოვის მარიონეტად ხატავდა (მილიარდერი აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას გამოასწორებდა), რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ყიდვას მილიარდებით, რომელიც მან რუსულ ბიზნესში 1990-იან წლებში დააგროვა. „ვარდების“ წლების მიღწევებს (კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრა, ერთ დროს ყველაზე არშემდგარი სახელმწიფოს ისეთ ქვეყნად გადაქცევა, რომელიც მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ბიზნესის იოლად კეთების მხრივ მე-20 ადგილზე მოხვდა) საფრთხე ემუქრება, აცხადებდა ის. ამომრჩევლები ივანიშვილის გზავნილებისადმი უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ, რადგან მათი უმრავლესობა ხელმოკლედ ცხოვრობს, სააკაშვილის გუნდმა კი თავისი რეფორმისტული ვნებით, ძალიან ბევრ წესს გადაუხვია და ხელისუფლებაზე ახლობლების მონოპოლია ჩამოაყალიბა.

რადგან არაბული გაზაფხულის ქვეყნები ყოფილ საბჭოთა იმპერიას მისდევენ, ცდილობენ რა დემოკრატიის აშენებას, საქართველოს მაგალითი გულდასმით იქნება შესწავლილი. ის ცხადყოფს დაბალანსების აქტს, როდესაც ღარიბ ქვეყანაში ცდილობ რადიკალური, ხშირად მტკივნეული მოდერნიზაციის პროცესის განხორციელებას, მაშინ როდესაც ინარჩუნებ დემოკრატიულ თავისუფლებებს და, შესაბამისად, იმის შესაძლებლობას, რომ გადაგირჩევენ.

გადამწყვეტი როლი ითამაშა შემაშფოთებელმა ვიდეოებმა, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელდა, და რომელიც თბილისის ციხეებში პატიმრებზე ძალადობას, მათი ცემის და ცოცხის ტარით გაუპატიურებას ასახავდა. ამ ვიდეომასალამ მართლმადიდებელი საქართველო შოკში ჩააგდო, და თითქოს დაადასტურა ის, რასაც ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოს დემოკრატიული შირმის უკან მახინჯი რეალობა იმალებოდა. (სააკაშვილმა ამ კადრების განზრახ გავრცელებაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა)

თუმცა, ივანიშვილის გამარჯვება არავისთვის ისეთი სიურპრიზი არ აღმოჩნდა, როგორც კაცისთვის, რომელსაც საქართველოში ყველა მიშას ეძახის – თავად სააკაშვილისთვის. ოპოზიციურ აქციამდე ორი დღით ადრე მე მას ბათუმში კამპანიის მიმდინარეობის დროს ვესაუბრე, ქალაქში, რომელიც ერთ დროს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მოწყენილი კურორტი იყო, ახლა კი განახლებულია.

სააკაშვილმა აღიარა, რომ ამ ვიდეომასალამ ზიანი მიაყენა მის კამპანიას და გამოააშკარავა მისი რეფორმების ხარვეზები. თუმცა, ის თითქოს ნაკლებად ფიქრობდა იმაზე, რომ ამას საარჩევნოდ შედეგები მოჰყვებოდა. „დღემდე მჯერა, რომ კარგი შედეგი იქნება, თუკი არჩევნების რამე გამეგება“, თქვა მან.

სააკაშვილი ოთხ ჟურნალისტს სატრაპეზოს ღვინით გვიმასპინძლდებოდა და გვიყვებოდა თავის პრობლემებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან (რომელმაც ერთხელ პირობა დადო, რომ საქართელოს პრეზიდენტს „კვერცხებით“ დაკიდებდა). იყო დრო, როდესაც იგი პუტინს და ბელარუსელ დიქტატორს ლუკაშენკოს შუაში ეჯდა სადილზე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც „კაგებეს“ ყოფილი აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო ლონდონში რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს და მან საჯაროდ ბრალი დასდო პუტინს.

„მე ვუთხარი, „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, შემიძლია იმ თეფშიდან ვჭამო, თქვენ რომ გიდგათ?“ და ლუკაშენკომ თქვა, „კი, მისი თეფშიდან ჭამა ბევრად უფრო უსაფრთხოა!“ (ყველა ხარხარებდა)

და კიდევ პუტინის ბონდისებურ-ბოროტი ავისმომასწავებელი ბოლო რეპლიკა, როდესაც ეს ორი 2008 წლის კონფლიქტის წინ ხვდებოდა ერთმანეთს. „შენი მეგობრები უამრავ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ დანაპირებს არასდროს შეგისრულებენ“, იხსენებს სააკაშვილი რუსი ლიდერის სიტყვებს. „მე კარგ რაღაცას არ გპირდები, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ“.

სააკაშვილი საკუთარ თავს წარმოადგენს, როგორც საქართველოს ერთადერთ დამცველს რუსული ბატონობისგან. მისი ოპოზიციური პარტიები ამისთვის ძალიან სუსტები არიან, თქვა მან. და მართალია, ივანიშვილის ფული კრავს მათ ამ გაურკვეველ კოალიციაში, თუმცა ისინი მომენტალურად დაიშლებიან, როგორც კი არჩევნებს წააგებენ, დარწმუნებით იწინასწარმეტყველა მან.

მე ვკითხე, რას იტყოდა ის იმის შესახებ, რომ მის გუნდს ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ?

„მომისმინეთ“, თქვა სააკაშვილმა, „მე ვზივარ რესტორანში და დროდადრო აქ ვიღაც მოდის და მიყვირის. არავისთვის ამას არანარი შედეგი არ მოჰყვება. ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვის არ ეშინია“.

„როდესაც მე ჩავივლი ხოლმე, ზოგიერთი ადამიანი ასე აკეთებს“ (ის ხელს მიქნევს), „ზოგიერთი კი ასე“ (შუა თითს წევს). „თუკი ისინი პრეზიდენტს ამას უკეთებენ, ეს არის [თავისუფლების] მაჩვენებელი“, თქვა მან.

მაგრამ, არჩევნების პერიოდში ქართველებთან საუბრის დროს, მე დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რატომ ესმოდათ მათ ივანიშვილის, და რატომ არის საქართველოს „ვარდი“, თუ ბოლომდე არა, მაინც დამჭკნარი. ზოგიერთ მიზეზს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქვეყნის არასტაბილურ პოსტსაბჭოთა ისტორიაში.

საქართველოში, შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ღამით, როდესაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. გამაგზავნეს რა შეიარაღებული შეტაკების გასაშუქებლად საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ტირანი იყო, თბილისში 1991 წლის 31 დეკემბერს ჩავედი.

ხუთ დღეში, ავტომატების ტყვიებისა და აფეთქებების ცეცხლში, ფარულად საქართველოს პარლამენტის შენობის ბუნკერში ჩამიყვანეს, სადაც ინტერვიუ უნდა ჩამეწერა მგლოვიარე, თვალებამოღამებულ გამსახურდიასთან. შემდეგ დილას, ფრთხილად ვიკვლევდი გზას ნანგრევებით მოფენილ რუსთაველის გამზირზე; გამსახურდიამ იმ ღამით ქვეყანა დატოვა. დღის ბოლოს კი საქართველოს კომუნისტური პარტიის ბოსმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ბოლოს გორბაჩოვთან მუშაობდა, განაცხადა, რომ როგორც ნაციონალური ლიდერი, ქვეყანაში დაბრუნდებოდა.

გადატრიალება, რომელიც გამსახურდიას მისმა ყოფილმა მოკავშირეებმა და არმიის მეთაურმა მოუწყვეს, სახიფათო პრეცედენტს ქმნიდა: არჩეული ლიდერების გადაყენება, თავისუფალი არჩევნების გარდა, სხვა გზითაც ხდებოდა შესაძლებელი. გამსახურდიას ხანმოკლე პრეზიდენტობის დროს ძალადობა ჯაჭვური რეაქციით გადაიზარდა სამოქალაქო ომებში ორ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს უკანასკნელი ის რეგიონია, სადაც 2008 წელს რუსეთთან ომი გაჩაღდა. თავად გამსახურდია 1993 წლის სექტემბერში სამხედრო ძალით შეეცადა დასავლეთ საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაიღუპა.

შევარდნაძემ რუსეთთან დროებით ზავს მიაღწია. ის მთელი ძალით ცდილობდა სახელმწიფოს აშენებას. საქართველოს სუსტად განვითარებული წარმოება სულს ღაფავდა, რადგან გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი მომწოდებლებთან და კლიენტებთან მთელ დანარჩენ ყოფილ საბჭოთა კავშირში. გლობალური კონკურენციის პირობებში კვდებოდა მისი სოფლის მეურნეობაც. 1994 წლისთვის ეკონომიკა ოთხჯერ შემცირდა 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

კრიმინალური სამყარო ეკონომიკის დარგებს დაეპატრონა. მათთვისაც კი, ვისაც მუდმივი სამუშაო ჰქონდა, კორუფცია ცხოვრების წესად იქცა. ხელფასებს არ იხდიდნენ; 2000-იანი წლების დასაწყისში, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა.

ბოლოს, ხელისუფლებაში შევარდნაძის მთავრობის შენარჩუნებისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობის შემდეგ 2003 წელს, 35 წლის სააკაშვილი ათასობით დემონსტრანტს ვარდებით ხელში პარლამენტისკენ მარშით გაუძღვა. მეორე დღეს შევარდნაძე გადადგა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96% მიიღო. ის თავით ფეხებამდე ლიბერალურ რეფორმებში გადაეშვა.

2006 წლის დასაწყისში, მე უკვე ტრანსფორმირებულ საქართველოში დავბრუნდი. ელექტროენერგია და წყალი, ისევე როგორც ინვესტიციები, უწყვეტად მოედინებოდა. ეკონომიკა იზრდებოდა. ჩნდებოდა ახალი შენობები. პარლამენტის თავზე, რომელსაც 14 წლით ადრე გამსახურდია თავს აფარებდა, ოპტიმისტურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა.

ერთ საღამოს სააკაშვილის რამდენიმე ოცი-ოცდაათი წლის რეფორმატორთან ერთად ვვახშმობდი. ყველა მათგანი თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, რადგან მათ უმრავლესობას სოროსის ფონდის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში ან შეერთებულ შტატებში ჰქონდა განათლება მიღებული. მათი ენერგია და შემართება გადამდები გახლდათ.

ისინი ენთუზიაზმით საუბრობდნენ პოლიციის რეფორმაზე, რომელიც სამაგალითო გზამკვლევი გახდა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. (მთავრობამ გამოძალვის ფაქტებითა და კორუფციით ცნობილი საგზაო პოლიციის 15 000 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა და შეცვალა ის უფრო მობილური, უკეთ დაფინანსებული ძალებით). ისინი ჰყვებოდნენ, თუ როგორ იყენებდნენ „საპროცესო შეთანხმებების“ ფორმას კორუფციაში ბრალის წაყენების მიზნით მაღალჩინოსნებისთვის, ან მაგნატებისთვის, რომლებიც დადანაშაულებულნი იყვნენ სახელმწიფო ქონების საეჭვო პირობებში შეძენაში, რათა მათ ჯარიმებიდან შესაბამისი თანხები გადაეხადათ საკუთარი აქტივების დაკანონებისთვის.

თუმცა საუბარმა განგაშის განცდაც გააჩინა. ერთ-ერთი ჩინოვნიკი ჰყვებოდა ერთ-ერთ დაპატიმრებაზე ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში. „ეს რთული დრო იყო“, აღნიშნა მან. „ჩვენ ზოგჯერ საკუთარი მეგობრების დაპატიმრებაც გვიწევდა“. ეს იყო ფრაზა, რომლის მსგავსსაც სტალინის საბჭოთა კავშირში იყენებდნენ. როდესაც, მომდევნო წლებში, გავიგე, რომ სააკაშვილის რეფორმატორებს „ლიბერალ ბოლშევიკებს“ უწოდებდნენ, ეს შეფასება სიმართლეს ჰგავდა. როდესაც წელს საქართველოში დავბრუნდი, ეს ტენდენციები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

შაბათ დღესაც კი, ნინო ბურჯანაძე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელესავით გამოიყურება. 2003 წელს ის ვარდების რევოლუციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი იყო: სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო მესამე ზურაბ ჟვანია – პრემიერმინისტრი. (იმ დროს 41 წლის ჟვანია, 2005 წელს ბუნდოვან გარემოებებში, გაუმართავი გაზქურიდან აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა).

რამდენიმე წლის წინ, ბურჯანაძეს კონდოლიზა რაისის, აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის მსგავსი ადამიანების ტელეფონის ნომრები, ჩქარი დარეკვის რეჟიმში ჰქონდა ჩაწერილი. ახლა ის გარიყულია და, როგორც თავად ამბობს, ქართული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისმინება. ამ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, მას შემდეგ რაც ის გასულ წელს დემონსტრაციებს ედგა სათავეში და 2010 წელს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რუსებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. მისი თქმით კი, ნამდვილი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მიშასთან უთანხმოება მოუვიდა.

ბურჯანაძემ, თავის პარტიულ ოფისში საუბრისას, მთავრობის მიღწევები აღიარა. მაგრამ მითხრა, რომ დიდი ხნის წინ გრძნობდა მთავრობის მხრიდან ნორმიდან გადახვევის ტენდენციებს.

„ერთი მხრივ, თუკი რეალურად ყველაფერს აკეთებ ყველა კანონის და რეგულაციის დაცვით, უფრო მეტი დრო გჭირდება“, მითხრა მან. „[მაგრამ] თუკი ერთხელ მაინც თავს კანონზე მაღლა დააყენებ, ძალიან რთულია, რომ შემდეგ ჯერზე იგივე არ გაიმეორო“.

ბურჯანაძის თქმით, ის ფაქტობრივად გადამდგარი იყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა ოპოზიციური დემონსტრაცია 2007 წელს. მაგრამ თანამდებობაზე რჩებოდა 2008 წლის აპრილამდე, როცა სააკაშვილი უკვე ხელახლა იყო არჩეული პრეზიდენტად. „სამწუხაროდ, როდესაც მიშა მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, ვხედავდი, რომ ეს ადამიანები არაფრის შეცვლას არ გეგმავდნენ. მათ მხოლოდ ის ისწავლეს, რომ უნდა მოეძებნათ პიარ და ლობისტური კომპანიები, რომლებიც მათ უკეთესი პიარის წარმოებაში დაეხმარებოდნენ“.

მიშასთან რეალური გაუცხოება რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ბურჯანაძემ იმ დროს ჟურნალისტს უთხრა, რომ „შეკითხვების დასმის დრო მოვა“ იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის (რომელშიც საქართველომ დაკარგა როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი – ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი) თავიდან აცილება. მისი თქმით, 24 საათში სააკაშვილმა ტელევიზიით გამოაცხადა, რომ „ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეკითხვების დრო მოვა, მოღალატეები და რუსეთის აგენტები არიან“.

შარშან მაისში, როდესაც ის თბილისში 10 000-კაციან დემონსტრაციას ედგა სათავეში, რომელიც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა, სახელმწიფო ტელევიზია გადმოსცემდა, რომ ბურჯანაძე რუსეთის მხარდაჭერით გადატრიალებას ამზადებდა. პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა მას შემდეგ, რაც აქციის ვადა ამოიწურა, მაგრამ მონაწილეებმა ტერიტორია არ დატოვეს. მან ნაცემი და დასისხლიანებული დემონსტრანტების ფოტოები გადმომცა. „თუკი ხელისუფლებას მართლაც სჯეროდა იმის, რომ მე გადატრიალებას ვაწყობდი, მაშინ რატომ არიან დღეს ციხეში ჩემი მძღოლი და პარტიის 40 აქტივისტი, მე კი აქ ვარ და თქვენ გელაპარაკებით?“, მკითხა მან.

და მაინც, რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას? (როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდის წევრებსაც კი აქვთ ამ საკითხზე შეკითხვები და ბურჯანაძის ბრენდს იმდენად დისკრედიტირებულად მიიჩნევენ, რომ მასთან მუშაობას ერიდებიან.) „მე ეს საიდუმლოდ არ შემინახავს“, ამტკიცებს იგი. „მე ვთქვი, რომ უნდა ვიცოდე რას ფიქრობს რუსეთი შესაძლო მომავალ ურთიერთობებზე საქართველოსთან. პრეზიდენტობის შემთხვევაში მექნება თუ არა მოლაპარაკების შანსი? თუმცა უმალ ამ [შეხვედრის] შემდეგ, მე ქვეყნის ყველაზე სერიოზული მტერი გავხდი“.

„ეს ბოლშევიკურ სისტემას ჰგავს“, დასძენს იგი. „თუკი აკრიტიკებთ რეჟიმს, თქვენ ავტომატურად ხდებით ხალხის მტერი. ეს დემოკრატიისგან ძალიან შორსაა“.

ბურჯანაძის კომენტარების მსგავსი მოსაზრებები მეორე დღეს მოვისმინე, როდესაც მეგობრის მეგობრებს ვესტუმრეთ თბილისის შემოგარენში. მიუხედავად იმისა, რომ მათი კომუნისტების დროინდელი საცხოვრებელი კორპუსი საბჭოთა სტანდარტების მსგავსად მოუვლელი გახლდათ, მასპინძლობა იყო ტრადიციულად ქართული – სუფრა, გაწყობილი ხაჭაპურებით, ღვინითა და სხვა საფირმო კერძებით.

გივი საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებული ერთ-ერთი კომპანიის ღამის დარაჯია, მისი მეუღლე ირინა კი კომუტატორი. მთავრობის მოდერნიზატორულმა ძალისხმევამ მათ ვიწრო სასტუმრო ოთახშიც შეაღწია; მათი ექვსი წლის გოგონა სკოლაში მიღებული „ნოუთბუქით“ ერთობოდა.

„ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია“, მითხრა გივიმ. „მან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ააშენა ახალი გზები. მე ვმუშაობ. ხელფასი მაქვს. თუმცა ჩემს ხელფასზე ცხოვრება რთულია“. მან დასძინა, რომ მისი ხელფასი საკმაოდ ტიპურია, 380 ლარი (დაახლოებით $140) თვეში.

„მაგრამ შევარდნაძის დროს დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი თავისუფლება გვქონდა“, ამბობს მისი მეუღლე. „შევარდნაძის კრიტიკის არავის ეშინოდა. ეს მთავრობა კი ისევ დაშინებას მიმართავს“.

 

რას გულისხმობს ის? „მე საჯარო მოხელე ვარ“, თქვა ირინამ. „მე რომ ივანიშვილის აქციაზე ვინმეს დავენახე, მეორე დღეს სამსახურს დავკარგავდი“. გივიმ დასძინა, რომ ის თანამშრომლებთან ერთად იმ კვირაში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ესწრებოდა თბილისში დინამოს ეროვნულ სტადიონზე, „რადგან სამსახურში გვითხრეს, რომ თუ არ წავიდოდით, შეიძლება პრობლემები შეგვქმნოდა“.

ისინი აღშფოთებულები იყვნენ ციხის ძალადობის ამსახველი ვიდეოებით, კერძოდ, პატიმარ მამაკაცებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებით. „ის, რაც ვარდებით დაიწყო, ცოცხებით დასრულდა“, თქვა ირინამ.

ანალოგიური საუბრები მქონია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ბელარუსიდან დაწყებული ყაზახეთით დასრულებული. მაგრამ მათი ბინის დატოვების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ საქართველო თითქოს უფრო განსხვავებული უნდა ყოფილიყო.

ორი დღის შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მართლაც განსხვავებულია: სააკაშვილის მთავრობა დამარცხდა. ივანიშვილის გამარჯვების დადასტურებიდან მეორე დღეს, მასთან შესახვედრად წავედი.

ბიძინა ივანიშვილის თბილისური რეზიდენცია, რომელიც, ამავე დროს, ბიზნესცენტრიც არის, მეტალისა და შუშის ციტადელია, იაპონელი შინ ტაკამაცუს მიერ ნაგები. მისი ცილინდრისებრი კოშკურები ალუმინის რკალებშია გახვეული. მიწა ჰენრი მურის ნამუშევრებითაა მოფენილი; სუბტროპიკულ მცენარეებს შორის, რობერტ ინდიანას „სიყვარულის“ სკულპტურებიდან ერთ-ერთია დაბუდებული, მარცხნივ გადახრილი „O“-თი. და ბოლოს, აქ ხედია; პანორამით თბილისზე და სააკაშვილის რაიხსტაგისებურ საპრეზიდენტო შენობაზე, რომელიც მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე დგას.

თავად ივანიშვილი, რომელიც ტანდაბალი, მოწესრიგებული და მშვიდად მოსაუბრე ადამიანია, ბევრი თვალსაზრისით არანორმალურად ენერგიული სააკაშვილის ანტიპოდია. აქ ყველგან ხელოვნების ნიმუშებია. მისი მაგიდის უკან ეგონ შილეს ნამუშევარია; ტყავის ტახტების თავზე – ლუსიან ფროიდი, საკონფერენციო მაგიდის უკან დე კუნინგი. მაგრამ ეს ასლებია. როგორც გაირკვა, ორიგინალები უცხოეთშია.

ამ ყველაფრისთვის მან ფული დიდწილად რუსეთში იშოვა, სადაც ივანიშვილი, რომელიც ჭორვილელი (მთიანი სოფელი ცენტრალურ საქართველოში) მაღაროელის ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა, 1980-იან წლებში სწავლობდა და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიიღო. მართალია, ის საჯაროობას თავს არიდებდა, და იმ დღეებში თავის თავს ბორის ივანიშვილს უწოდებდა, თუმცა იმ გადმოსახედიდან მას რუსი ოლიგარქისთვის ტიპური CV აქვს. როდესაც გორბაჩოვმა ზოგიერთი კერძო ბიზნესის ლეგალიზება მოახდინა, მან პოპულარული პერსონალური კომპიუტერების და ვიდეომაგნიტოფონების იმპორტი დაიწყო. შემდეგ ბანკ „როსიისკი კრედიტის“ თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც ფონდებს გასცემდა პოსტკომუნისტური პრივატიზაციის პროცესში აქტივების შეძენაზე, რომელთა ფასიც მალე მის მიერ გადახდილ თანხას ბევრად აღემატებოდა.

მან რუსეთი 2002 წელს დატოვა, ერთი წლით პარიზში გადავიდა და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მაგრამ ფულს მხოლოდ საკუთარ თავზე არ ხარჯავდა. მან დააფინანსა ახალი სახლების, სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობა ჭორვილაში და უხმოდ ეხმარებოდა ეკლესიებს და თეატრებს თბილისში. ის ამბობს, რომ საიდუმლოდ აფინანსებდა ასევე სააკაშვილის ადრეულ რეფორმებს, მათ შორის, პოლიციის რეფორმას (თუმცა, სააკაშვილმა მითხრა, რომ ეს „აბსოლუტური სისულელეა“).

მაშ ასე, ჩემი პირველი შეკითხვა: მოახდინა თუ არა საქართველომ ახალი რევოლუცია, თუნდაც ელექტორალური?

ივანიშვილს ჯერ აკლია პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ბზინვარება და ნერვულად გადადის ქართული აქცენტის მქონე რუსულიდან მერყევ ინგლისურზე. „ეს ჭკვიანური შეკითხვაა“, თქვა მან პაუზით. „ეს რევოლუცია არ იყო. მაგრამ ადამიანები თავს ძალიან დათრგუნულად გრძნობდნენ. თუკი თქვენ შეადარებთ იმას, თუ რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი „ვარდების რევოლუციის“ დროს, ჩვენ გაცილებით მეტი ადამიანი შევკრიბეთ. ასე რომ, ჩემი აზრით, ადამიანებს ცვლილება დღეს იმაზე მეტად სურდათ, ვიდრე მაშინ. მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთეთ, ამიტომ რევოლუციას ვერ დავარქმევთ“.

მაგრამ რამდენად დაცული იქნება მის ხელში საქართველოს დემოკრატიული მომავალი? უკრაინაში, რომლის „ნარინჯისფერი“ რევოლუციაც 2004 წელს საქართველოს რევოლუციას მოჰყვა, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა 2010 წელს თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა, ერთ-ერთი ნარინჯისფერი ლიდერი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა და დემოკრატიული საათი უკან გადაწია.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს აქვს იდეა, თითქოს რადგან ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ის ქრთამის აღებას შეძლებს“, ფრთხილად მიანიშნა მან საკუთარ გარემოცვაზე. „ჩემი ერთადერთი მიზანი საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის შექმნაა და არა ფასადურის, როგორც ეს იყო წინა მთავრობის დროს“.

ბრალდებები რუსეთის აგენტობაზე? „ამ [მოსაზრებას] მხოლოდ სააკაშვილი ავრცელებს. ეს სიცრუეა“, თქვა ივანიშვილმა ოდნავი გაღიზიანებით, უარყო რა ცნობები იმის თაობაზე, თითქოს მან თავისი რუსული აქტივები შარშან საეჭვოდ მაღალ ფასში გაასხვისა. სინამდვილეში, მისი თქმით, მან ბევრი რამ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდა.

ივანიშვილი არ მალავს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება უნდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ის ასევე განაგრძობს საქართველოს წაყვანას ნატოსა და საბოლოო ჯამში ევროკავშირში წევრობისკენ. ამის მიღწევა შეუძლებელია, ვივარაუდე მე. ყოფილმა საბჭოთა ბალტიის რესპუბლიკებმა ეს შეძლეს, მიპასუხა მან. „თუკი ჩვენი დიპლომატია საკმარისად გონიერია, ჩვენც შევძლებთ იმავეს გაკეთებას“, თქვა მან.

მაგრამ რატომ ჩაება ის პოსტსაბჭოთა პოლიტიკის დაუნდობელ შეჯიბრში? რატომ მიატოვა მშვიდი ცხოვრება თავის ოჯახთან ერთად, ხელოვნება, პინგვინები და ზებრები?

ივანიშვილმა მითხრა, რომ ის ხელისუფლებისგან სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა, რაც 2008 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან სააკაშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა. 2011 წლის ოქტომბრისთვის, მასი თვითმფრინავი გამზადებული იყო და ოჯახთან ერთად საფრანგეთში მიემგზავრებოდა. ნამუშევრები ლონდონში გააგზავნა.

„არჩევანი არ მქონდა: ან უნდა დამეტოვებინა სამშობლო, რომელიც ძალიან მიყვარს… ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი“, თქვა მან. „აქ ჩემი ცხოვრება უკვე სახიფათო იყო. და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო სიტუაციის შეცვლა, მე ვიყავი“.

„ფრენა სამჯერ გადავდე“, ამბობს ის. „სამი დღე ვიტანჯებოდით. მართლაც ვმერყეობდი. აქ ყველაფერი შეუძლებელი გახდა. გვეშინოდა, რომ თუკი ოქტომბერში არ წავიდოდით, ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ“.

სანაცვლოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ შორის მოხდა, შეძლებს კი ის ერთი წელი ქვეყნის მართვას სააკაშვილთან ერთად? მართალია, ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს უმალ უკან წაიღო თავისი სიტყვები, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადადგეს, თუმცა მათი მეტოქეობა, როგორც ჩანს, პოლიტიკას სცდება და პერსონალურ მტრობაშია გადაზრდილი. „ჩვენ მასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ“, თქვა მან, „ვფიქრობ, აქ პრობლემები არ იქნება“. „სააკაშვილმა… განდევნა ის ადამიანები, რომლებიც მასსავით არ ფიქრობდნენ. ჩვენს პირობებში ასე არ იქნება. ჩვენი მიზანია საქართველოს გაერთიანება“.

მისი ციტადელის დატოვების შემდეგ, გავიფიქრე, რომ უკვე მესამედ საბჭოთა ხელისუფლების კოლაფსიდან და გამსახურდიას დამხობიდან, საქართველო ღრმად გაურკვეველ ახალ ფაზაში შედის. მისი ახალი პრემიერი პოლიტიკური ახალბედაა, ხშირად მისი მიზნები გულუბრყვილოდ ჟღერს და ისეთ კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელიც შეიძლება იოლად დაიშალოს. მაგრამ ამჯერად მაინც, ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა.

„ბედნიერი ვიყავი“, მითხრა მილიარდერმა, იხსენებდა რა მასობრივ წინასაარჩევნო აქციას. „ბედნიერი, რადგან სწორად გავაანალიზე სიტუაცია. ეს იყო იმის დადასტურება, რაც მე ერთი წლით ადრე ვიცოდი. ის, რომ ქვეყანას სურს რაღაც განსხვავებული და არა ის, რასაც მას სააკაშვილი თავს ახვევდა“.

ნეილ ბაკლი – FT-ის აღმოსავლეთ ევროპის რედაქტორი  

წყარო: foreignpress.ge

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8781
EUR3.2002
GBP3.7556
RUB4.6888
თბილისი -3°-9°
ქუთაისი -1°-7°
ბათუმი 3°-7°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia