მიხეილ სააკაშვილი: "ჩემი დარჩენის მოტივაცია ნგრევის არდაშვებაა"...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარსულზე ამომწურავი მემუარების დაწერას აპირებს, მაგრამ
მოგვიანებით, როცა 90 წლის იქნება, მანამდე
კი აქტიურ პოლიტიკურ
ცხოვრებას გააგრძელებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც. როგორც პრეზიდენტმა გუშინ საღამოს გადაცემა
"ღია ეთერში" განაცხადა, მისი დარჩენის მოტივაცია „ნგრევის არდაშვება და
მშენებლობის გაგრძელებაა".
"პირველ რიგში,
შესანარჩუნებელი გვაქვს დემოკრატიული სისტემა, რომელსაც დღეს პრობლემებს უქმნიან
და მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს! ამიტომაც ღირს დარჩენა – თუნდაც იმისთვის, რომ ეს
შევინარჩუნოთ. დავრჩები აუცილებლად პოლიტიკაში და ჩემი დარჩენის მოტივაცია ნგრევის
არდაშვებაა, რადგან ეს იქნება ჩემი პიროვნული ტრაგედია", - განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას,
პრეზიდენტი ამბობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლამ
მისი ყოველდღიური განრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა... პრეზიდენტის კაბინეტში თავს კომფორტულად არ
გრძნობს და თავისუფალი მედიის, სასამართლოს და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო
დოკუმენტის დარაჯის ფუნქციას ითავსებს, „მე ვარ დარაჯი თავისუფალი
მედიის, სასამართლოს და კონსტიტუციის. ვხედავთ, რომ არის მცდელობები ქვეყნის
მთავარ სატელევიზიო არხებზე გავლენის მოხდენისა. ეს არ უნდა დავუშვათ!,"-ამბობს სააკაშვილი.
აქვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვლენები რომ
სხვაგვარად განვითრებულიყო ის პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობდა:
"მე საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რათა ვიცოდე, რომ პოლიტიკაში, თან ესეთ მერყევ პოლიტიკაში, როგორიც გვაქვს, სიტუაცია იცვლება ძალიან ჩქარა. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ჩვენი პირადი გეგმები ძალიან ნათელი იყო - თუ ოქტომბრის არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებდა, მყარად მქონდა გადაწყვეტილი და ამის შესახებ ყველა ჩემმა თანამებრძოლმა იცოდა, რომ მე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი".
თუმცა ივანიშვილთან მიმართებაში მას ამგვარი დაპირებების არ სჯერა და
ამბობს: "
წარსულში ბევრი არადემოკრატიული ქვეყნის ლიდერი თავის ხალხს ყოველ წელს ჰპირდებოდა, რომ ეს არის ბოლო წელი, როდესაც მე თქვენი მმართველი ვარო, თუმცა ეს ვადა 40 წელს გაგრძელებულა. ამიტომ ასეთი ლაპარაკის არ მჯერა. ეს არ არის პიროვნების გადასაწყვეტი. ოქტომბერში გაირკვა, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს, სად წავიდეს, სად უნდა დაბრუნდეს. პრემიერიც გამოუცდელი იყო პოლიტიკაში. ის ბევრ რამეს ახლებურად შეხედავს, მათ შორის თავის როლს, ოპოზიციას, პიროვნულ ფაქტორსაც, რადგან თუ ხალხს ვემსახურებით, პიროვნული წყენები უნდა დავივიწყოთ".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ
იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი და იქნება თუ
არა ეს ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტის თქმით, ეს შიდა დებატებისა და პრაიმერის
მეშვეობით გადაწყდება.
"ვანო მერაბიშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერია, მაგრამ ლიდერებს ქმნის დემოკრატია. ვანო ჩემი
უახლოესი თანამებრძოლია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ასევე მაქვს ახლო ურთიერთობები
სხვა დანარჩენებთან. უნდა მოხდეს შიდა დებატები, შიდა პრაიმერი. ეს დებატები უნდა
იყოს ტელეკამერების წინ - იდებატონ, ხალხმა შეაფასოს მათი არგუმენტები და როცა
ამას გავაკეთებთ, დავასახელებთ. ზუსტად ასევე – დემოკრატიულად განისაზღვრება ჩემი
შემდგომი როლიც", - აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე გამოთქვა მოსაზრება, რომ
„პირველივე არჩევნებს, რომელსაც დღევანდელი მთავრობა წააგებს, – იქნება ეს
საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, – მოჰყვება სერიოზული გადაჯგუფება
პარლამენტში და სამთავრობო გუნდში"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.