www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:01 12.12.2012
რა შეცდომები დაუშვა შვილებთან მაია მიმინოშვილმა
საქართველოს განათლების სისტემაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, გარეშეთა თვალში კარიერისტი ქალის შთაბედჭილებას ტოვებს, რეალურად კი სულით ხორცამდე დიასახლისია. მისთვის იდეალური გარემო ოჯახია, შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა. ძალიან ამაყობს თავისი ორი ვაჟით – 31 წლის სანდროთი და 24 წლის ლაშათი. 

ქალბატონი მაია რამდენადაც მკაცრი იყო შვილებთან, ახლა იმდენად ლოიალურია შვილიშვილებთან. თვლის, რომ ბიჭების მეტისმეტი კონტროლი მისი მხრიდან შეცდომა იყო. სანდრო მუსიკოსია და შოტლანდიაში მუშაობს. ლაშა კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. ორივეს ჰყავს ოჯახი. ერთი დედასთან ცხოვრობს, მეორე – მამასთან, ცნობილ ნეიროქირურგ ზაზა ყანჩაველთან, რომელსაც ქალბატონი მაია რამდენიმე წლის წინ გაშორდა. 

რეფორმატორ ქალბატონს ერთი სული აქვს, პენსიაზე როდის გავა და ეზოში იფუსფუსებს, ყვავილებს, ხეებს მოუვლის და შვილებს, რძლებს, შვილიშვილებს ბუხართან საოჯახო ვახშამზე მიიპატიჟებს. 

– ქალბატონო მაია, როგორც ვიცი, საკმაოდ ახალგაზრდა გახდით დედა. ამ გადასახედიდან, როგორ თვლით, მაშინ მზად იყავით შვილების აღზრდისთვის? 

მაია: 20 წლის ვიყავი, სანდრო რომ მეყოლა. მაშინ მეგონა, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ წლები რომ გავიდა, მივხვდი, ეს ასაკი გასათხოვრად და შვილების გასაჩენად ძალიან ადრე იყო. სტუდენტი ვიყავი. სანდროს გაზრდაში დედა მეხმარებოდა, ძიძაც მყავდა და მეგონა, რომ ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება შემეძლო. ახლა კი ვფიქრობ, რომ ცოტა გვიან ჯობს ოჯახის შექმნა და შვილის გაჩენა. დედას მაქსიმალურად უნდა ეცალოს შვილების გასაზრდელად, რადგან მას ვერც ბებია შეცვლის ვერასოდეს და ვერც ძიძა. 

– თქვენს ბიჭებთან აღზრდის რა მეთოდების, პრინციპების გამოყენება დაგჭირდათ, სიმკაცრე უფრო მეტი იყო თუ სირბილე? 

მაია: საკმაოდ რთული კითხვაა, რადგან ამ ეტაპზე ჩემი, როგორც დედის, საკმაოდ ბევრ შეცდომას ვხედავ. ახლა უკვე ჩემს ბიჭებს თავიანთ შვილებთან მიმართებაში ვაძლევ შენიშვნებს. არ მინდა, მათაც იგივე შეცდომები დაუშვან შვილებთან. ძალიან მკაცრი ვიყავი. მეგონა, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი უნდა შეძლებოდათ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ესწავლათ. სანდროს ძალიან პატარა ასაკში აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი და 5 წლიდან დიდი დატვირთვით ვამეცადინებდით მუსიკაში. მერე ლაშაც შევიყვანე, რადგან მასაც არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი აქვს. არ მომწონდა, ყოველდღე საკმაოდ დიდ დროს სწავლას თუ არ დაუთმობდნენ და ამის გამო სულ ვჩხუბობდით. ახლა ვხვდები, რომ ასე არ უნდა მეფიქრა. 

– ლაშა, თქვენც ფიქრობთ, რომ დედა ზედმეტად მკაცრი იყო? 

ლაშა: მე თვითონაც საკმაოდ ადრე გავხდი მშობელი. ვერ გეტყვით, დედა რა შეცდომებს გულისხმობს. მეც ახლა ვსწავლობ იმ მოვალეობებს, რაც მამას აკისრია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვაღიარო, მართლაც ძალიან მკაცრი იყო, განსაკუთრებით სწავლის მიმართ. სიმკაცრესთან ერთად ყოველთვის კარგი დედა იყო და დღესაც ასეა. 

მაია: ორივესთვის საკმაოდ რთული გამოდგა გარდატეხის წლები, მაგრამ მათ გამო ოჯახში პრობლემები ნამდვილად არ გვქონია. არც ერთს დამუქრებია გზიდან აცდენის საფრთხე. პატარ–პატარა უცნაურობები ჰქონდათ. ერთხელ მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, სანდრო დაახლოებით ერთი თვეა სკოლაში არ ყოფილაო, არადა ყოველ დილით სახლიდან ვუშვებდი და სკოლის საათები რომ მთავრდებოდა, ბრუნდებოდა. აღმოვაჩინე, რომ თურმე დილით ტროლეიბუსში ჯდებოდა და მძღოლებთან ერთად, რომლებთანაც მეგობრობდა, ქალაქს წრეებს ურტყამდა. მერე კი სახლში მოდიოდა, ვითომ სკოლაში იყო. გეტყვით, რა იყო მაშინ ჩემი შეცდომა. სანდროს ამ საქციელმა ძალიან გამამწარა და გამოსავალი იმაში ვიპოვე, რომ ყოველ დილით მე თვითონ მიმყავდა სკოლაში, მერე ვაკითხავდი და ისევ სახლში მომყავდა. მოკლედ, მაქსიმალურად ვაკონტროლებდი. ახლა კი ვთვლი, რომ ასე იძულებით კი არ უნდა მეტარებინა სკოლაში, არამედ გამერკვია, რატომ არ უნდოდა სიარული და კონკრეტულად თავის კლასში ჯდომა. 

ანალოგიურად იყო ლაშაც. სახლის გვერდით მდებარე სკოლაში სწავლობდა. მისი გაკონტროლება ადვილი იყო. ლაშას გაკვეთილების გაცდენაში მხოლოდ მე კი არა, მთელი სამეზობლო იყო ჩართული. საბოლოო ჯამში, იმით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ თავიანთ საქმეს ყოველთვის აკეთებდნენ. ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ლაშაც და სანდროც ძალიან კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. ამისთვის მათი მადლობელი ვარ. 

– ქალბატონო მაია, თქვენს ყველა განცხადებას თითოეული მოსწავლე, აბიტურიენტი თუ სტუდენტი მოუთმენლად ელის. როდესაც განათლების სფეროში რეფორმებს ატარებთ, თქვენს შვილებს თუ ეკითხებით აზრს, რა მოსწონთ და რა – არა? 

მაია: რა თქმა უნდა, ამ თემაზე სანდროსთან და ლაშასთან ბევრი მისაუბრია და მათი აზრი გულისყურით მომისმენია. ამას გარდა, ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს, ძირითადად აბიტურიენტებს, მათთან საუბარი ჩემთვის სიამოვნებაა, ძალიან თამამები და ლაღები არიან. მარტივად შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. 

– ემხრობით დედის საგანმანათლებლო რეფორმებს? თავად როგორი საგამოცდო სისტემა გსურდათ? 

სანდრო: მე არ მომიწია ეროვნული გამოცდების ჩაბარება. 

ლაშა: ჩვენი გამოშვება იყო პირველი, ვისაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუხდა. მაშინ ისეთი პერიოდი მქონდა, არანაირი გამოცდა არ მინდოდა. ეს ალბათ ჩემი ასაკის ბრალი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვთვლი, რომ ძალიან კარგია ასეთი საგამოცდო სისტემა. ძველებურად აღარ არის გაყალბებები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მომხრეც ვარ და დედას ვეთანხმები, რომ დამამთავრებელ კლასში გამოცდებს აუცილებლად უნდა აბარებდნენ. ეს რეფორმა ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალებას აძლევს. 

– ლაშა, თქვენ სამაგისტრო გამოცდებში ჩაიჭერით, რაც მაშინ განხილვის საგანი გახდა. ამან როგორ იმოქმედა თქვენზე? 

სანდრო: სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდები ჩააბარა უმაღლესი შეფასებით. თავისი ქულებით 50 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. 

ლაშა: ეროვნული გამოცდები კი ჩავაბარე წარმატებით, მაგრამ ჩემი სამაგისტრო გამოცდები მართლაც განხილვის საგანი გახდა. სულაც არ ვფიქრობდი, რომ მაშინ დედას იმედები გავუცრუე. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ მაგისტრატურის გამოცდა ოთხი ნაწილისგან შედგებოდა და სამს თუ გადალახავდი, გადიოდი. მე სამი გამოცდა ჩავაბარე და მეოთხეში ჩავიჭერი. ამის გამო პაირკამპანია აგორდა, ვითომ გამოცდებში ჩავიჭერი, არადა სინამდვილეში ჩავაბარე და დღესაც მაგისტრატურაზე ვსწავლობ. 

მაია: სრულიად მოულოდნელად გამჟღავნდა ეს ფაქტი. აბიტურიენტების მშობლები იყვნენ ჩემთან მოსული. ერთი მშობელი ისე ტიროდა, თავს იკლავდა, მიშველეთ, ჩემმა შვილმა ბარიერი ვერ გადალახაო. მაშინ ვთქვი, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება, ჩემმა შვილმაც ერთ–ერთ ნაწილში ვერ გადალახა ბარიერი–მეთქი. მგონი, იმ ქალმა მთლად კარგად ვერ გაიგო, რა ვთქვი და მეორე წუთში "იმედის" ჟურნალისტი დამადგა თავზე. სულ სხვა თემაზე სასაუბროდ იყო მოსული და უცებ შემეკითხა, გავიგეთ, რომ თქვენმა შვილმა ბარიერი ვერ გადალახაო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავბრაზდი. პრეზიდენტმა მხოლოდ იმიტომ დამპატიჟა ჩაიზე, რომ ჩემი შვილის გამოცდებში ჩაჭრისთვის ხაზი გაესვა. იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი ობიექტურობა დაადასტუროს, არ არის საჭირო, შენი შვილი ჩაიჭრას, მისი წარუმატებლობა არ უნდა იყოს იმისი გარანტი, რომ თურმე ყველაფერი ობიექტურად კეთდება. 

– ქალბატონო მაია, ცნობილია, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ რეპეტიტორობის, რადგან თვლით, რომ ბავშვი სკოლაში უნდა იღებდეს იმ განათლებას, რითიც უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას შეძლებს. დღეს სკოლას ასეთი ცოდნის მიცემა შეუძლია? 

მაია: ამ ეტაპზე სკოლა არ აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე მოხვდნენ. ვთვლი, რომ კარგია, თუ რეპეტიტორების ინსტიტუტი არ იქნება. ოცნებად მექცა, იმ მდგომარეობას მივაღწიოთ, როდესაც სკოლა იქნება იმის გარანტი, რომ მოსწავლეები შესაბამის ცოდნას მიიღებენ. 

– თქვენს შვილებსაც ჰყავდათ რეპეტიტორები? 

მაია: სანდრომ კონსერვატორიაში ჩააბარა, მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა და მომზადება არ სჭირდებოდა. რაც შეეხება ლაშას, ქართულზე დადიოდა. უცხო ენაში მომზადება არ დასჭირვებია, ინგლისური საკმაოდ კარგად იცოდა. მათემატიკაში დედაჩემის მეგობარი ამეცადინებდა. – ქალბატონო მაია, შვილების პროფესიულ არჩევანში ჩაერიეთ? 

მაია: არც ერთის არჩევანში ჩავრეულვარ. ბავშვობაში მუსიკის მასწავლებელთან სიარულით ძალიან ვიყავი გამწარებული და დავიფიცე კიდეც, ჩემს შვილს არავითარ შემთხვევაში არ შევიყვან მუსიკაზე–მეთქი. სანდროს კი ისეთი ნიჭი აღმოაჩნდა, იძულებული გავხდი, მუსიკაზე მეტარებინა. საბოლოოდ მან მაინც დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მუსიკას გაჰყოლოდა. 

– სანდრო, თქვენზე იქნებ მეტი მოგვიყევით. როგორც ვიცი, შოტლანდიაში ცხოვრობთ და სამეფო კონსერვატორიაში მუსიკას ასწავლით. 

სანდრო: უკვე მეშვიდე წელია შოტლანდიაში ვარ. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. შოტლანდია ჩემთვის ერთი ნისლიანი, შორი ქვეყანა იყო, რომელიც არასოდეს მენახა. იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და ჩანაწერი გავატანე. გერმანიაში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი. მერე აღმოჩნდა, რომ იმ ჩანაწერით შოტლანდიაში გამოცდა ჩავაბარე, სტიპენდია დამინიშნეს და სწავლის საფასურიც დამიფარეს.

შემომითვალეს, მხოლოდ ჩამოდი და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთო. გაურკვეველ მდგომარეობაში წავედი და იქ ძალიან გამიმართლა. ერთი წელი "იამაჰას" ოფიციალური სოლისტი ვიყავი, ლონდონში ახლაც მაქვს "იამაჰას" ცენტრში საშვი, რომლითაც შემიძლია ნებისმიერ მომენტში მივიდე და ნებისმიერი ინსტრუმენტი მოვსინჯო. თუ მომინდება, ვიმუშავებ კიდეც. სამეფო კონსერვატორია დავამთავრე, შემომთავაზეს, მასწავლებლად დავრჩენილიყავი და დღემდე იქ ვმუშაობ. საქართველოში დაბრუნება მინდა, რადგან ნოსტალგიური ქართველების რიცხვს განვეკუთვნები და სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ ჩემი წინსვლისთვის რაღაც პერიოდი იქ ყოფნა იყო საჭირო. 

– ცოლ–შვილიც იქ გყავთ? 

სანდრო: არა, თბილისში ცხოვრობენ. ერთი წლით მყავდა ოჯახი წაყვანილი და მერე მივხვდი, რომ ისინი აუცილებლად უკან უნდა დამებრუნებინა. ჩემი შვილი, მარიამი, ალბათ 5 წლის იყო, რომ წავიყვანე და იქაურობასთან შეგუება გაუჭირდა. არც ბაღში წავიდა, ენის ბარიერიც ჰქონდა. ოჯახი რომ იქ მყავდეს, იქაურობას უფრო მივეჯაჭვებოდი და უკან ჩამოსვლა გამიჭირდებოდა. ახლა კი თითქმის ყოველ დღესასწაულზე საქართველოში მოვრბივარ. ზაფხულში არდადეგებიც გვაქვს და სულ აქ ვარ. წელიწადში ოთხჯერ მაინც ჩამოვდივარ. 

– თქვენი ცოლი რას საქმიანობს? 

სანდრო: ჩემმა მეუღლემ ქეთი მიქელაიშვილმაც კონსერვატორია დაამთავრა, ვოკალისტია. ახლა აღარ მღერის. 

მაია: ცეკვავს. 

სანდრო: ჩოგბურთსაც თამაშობს. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით. მუსიკოსებს ვოკალისტები ამოჩემებული გვყავდნენ, ვამბობდით, თავში "შარიკი" აქვთ გადაბრუნებულიო. ისე მოხდა, რომ ამდენი შაყირის შემდეგ მაინცადამაინც ვოკალისტზე დავქორწინდი. 

– ლაშა, როგორც ვიცი, თქვენი სპეციალობით მუშაობთ და თქვენი მეუღლეც, სალომე მარტიაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. პროფესიამ დაგაახლოვათ? 

ლაშა: არა. სალომე სოციალურ ქსელში გავიცანი. ჩემთვის სასაცილო თემა იყო ინტერნეტით გაცნობა. ბოლოს კი მეც ინტერნეტით გაცნობილი გოგო მოვიყვანე ცოლად. ახლა 4 წლის ნიკოლოზის მშობლები ვართ. ნელ–ნელა ოჯახად ვყალიბდებით. მე და სალომეს ერთი სპეციალობა გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობთ. 

– ქალბატონი მაია როგორია ოჯახურ გარემოში, შვილებთან, რძლებთან, შვილიშვილებთან? 

სანდრო: აი, ამ დროსაა დედა ყველაზე ნამდვილი. ალბათ ბავშვობაში უნდა დავბრუნდე, რომ გითხრათ, როგორია ნამდვილი მაია. რომ გავიზარდეთ, იმ პერიოდში გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიქმნა და მას შემდეგ მაია სახლში აღარ გვყავს. ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი დედა და ფანტასტიკური მზარეულია. ძალიან უყვარს ოჯახი, საოჯახო საქმეები, რაც დღეს ძალიან ენატრება. უყვარს მიწაში ჩიჩქნა, ყვავილები... 

მაია: ვგიჟდები ცხოველებზე! 

სანდრო: აი, ასეთია ნამდვილი მაია მიმინოშვილი და არა ისეთი, როგორსაც ტელევიზორში ვხედავთ. 

– შვილებს როგორი დედა გირჩევნიათ, როგორიც "ტელევიზორშია" თუ როგორიც სახლშია? 

სანდრო: მე დედა სახლში, შინაურულ სიტუაციაში, დიასახლისი მირჩევნია. ეს ალბათ ჩემი მხრიდან ეგოისტობაა, კარიერასაც თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დედაც ოჯახისკენ იხრება. შინაგანად კარიერისტი ქალი არ არის. მოუთმენლად ელოდება იმ დროს, როცა სამსახურში არ იქნება წასასვლელი და სახლში დარჩება. დედას ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა, მაგრამ ყველაზე უარი თქვა. ეს კი ის საქმეა, რომელიც სისხლხორცეულად მისია და ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. 

ლაშა: ჩემს ძმას აბსოლუტურად ვეთანხმები. მეც მირჩევნია, დედას სახლში ყოფნით ვიყოთ განებივრებული, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასეთი წარმატებული დედა მყავს. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ეს ორივე ერთად მოხერხებულიყო, მაგრამ წარმოუდგენელი აღმოჩნდა. დედას საყვედურს ვერაფერზე ვეტყვი. 

– ქალბატონო მაია, თქვენ როგორ თვლით, საქმეში უფრო წარმატებული ქალი ხართ თუ პირად ცხოვრებაში? 

მაია: ყოველთვის მენატრება სახლში ყოფნა. ძალიან მიყვარს სახლი და საოჯახო საქმეები. არ ვიცი, ვერ გეტყვით, სად უფრო წარმატებული ვარ, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, რომ ბევრი დრო მქონდეს ოჯახის წევრებისთვის. ახლა საკუთარი სახლი გვაქვს და ეზოში დიდი სიამოვნებით ვიფუსფუსებდი. როცა კარგი ამინდია, გული მწყდება ხოლმე, რომ საოჯახო საქმეების საკეთებლად დრო არ მაქვს, ხეებთან, ყვავილებთან, ძაღლთან საურთიერთოდ, საღამოს ბუხართან დასაჯდომად რომ არ მცალია. 

– გინდათ, ის, რაც შვილებთან ურთიერთობაში დაგაკლდათ, შვილიშვილებთან აინაზღაუროთ? 

მაია: დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შვილიშვილებთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. ლაშა სულ მატყუებს, შაბათ–კვირას მოვალ, ნიკუშასაც მოგიყვანო, მაგრამ ბოლოს ისე გადის კვირები, რომ ბავშვს ვერ ვნახულობ. იმას არ უნდა ლაპარაკი, რომ შვილიშვილები უსაყვარლესი არსებები არიან, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ შვილებს არავინ შეედრება. ჩემთვის ლაშა და სანდრო აბსოლუტურად ყველაფერი არიან. 

– ორი ბიჭის დედას გოგო არ გინდოდათ? 

მაია: ძალიან მინდოდა და ლაშაზე დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა. ლაშა: ერთი პერიოდი გოგოც ხომ გამხადეს. 

მაია: ამას იმიტომ ამბობს, ჩვენმა პრეზიდენტმა რომ თქვა, მაიას გოგომაც ვერ ჩააბარა გამოცდებიო. – ლაშა, თქვენ მაშინაც მოექეცით საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის აქციაზე ცოლთან ერთად მიხვედით. ეს დედათქვენის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამის გამო თავს დამნაშავედ ხომ არ გრძნობდით? 

ლაშა: ძალიან ვინერვიულე და დამნაშავედაც ვიგრძენი თავი, მაგრამ ახლაც ზუსტად იმავეს გავაკეთებდი. ჩემს გადაწყვეტილებებში დედა არასოდეს ერევა. არც მიფიქრია, რომ ოდესმე ასეთ რაღაცას დამიშლიდა ან მთხოვდა, არ წახვიდეო. ჩემი ოცნებაა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ თავისუფალი აზრის გამო ადამიანები არ ზარალდებოდნენ. ბევრი ვინერვიულე, დედაჩემის წინაშე საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. 

მაია: ჩემი თანამშრომლები ხუმრობდნენ, ლაშას რა უჭირს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და 60 კაცი კი დაგვტოვა უმუშევარიო. 

ლაშა: მე ჩვეულებრივად გავაგრძელე მუშაობა და ამდენი ხალხი ჩემ გამო უმუშევარი დარჩა. როგორ არ უნდა მენერვიულა? 

მაია: ლაშამ ჩემი გათავისუფლების ამბავი რომ გაიგო, შეშლილივით მოვარდა, იქით ვაწყნარებდი, ერთი წამით არ იფიქრო იმაზე, რომ შენ გამო გამათავისუფლეს–მეთქი. ლაშას მიტინგის დღეს დავურეკე და ვკითხე, სად ხარ–მეთქი. მიპასუხა, სად ვიქნებიო. ვუთხარი, მანდ უნდა იყო, აბა, შენ იცი–მეთქი. მითხრა, ახლა ფეხით თავისუფლების მოედნისკენ მივდივართო. სულ ეს იყო ჩვენი საუბარი და დილით სამსახურიდან გამათავისუფლეს. აშკარად ტელეფონი ისმინებოდა. ლაშამ ძალიან ინერვიულა, არ იცით, რა სახე ჰქონდა! 

სანდრო: მე ამ დროს შოტლანდიაში ვიყავი და თქვენ მე უნდა გენახეთ! რა მექნა, აღარ ვიცოდი. მაია: პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ სიმპათიები ყველას შეიძლება ჰქონდეს. იმიტომ დავისაჯე, რომ ტელეფონით ვიღაცეებს ვეუბნებოდი, თუ როგორი მაგრები იყვნენ, რომ აქციაზე მიდიოდნენ. ვისაც ამას ვეუბნებოდი, ყველა ტელეფონს მითიშავდა, რომ საუბარი არ გამეგრძელებინა. 

სანდრო: ტელეფონით მოსმენა კიდევ ჯანდაბას, სახლში პირადულ თემებზე რომ ვსაუბრობდით, მეორე დღეს პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმავეზე, რაზეც ჩვენ სახლში ვლაპარაკობდით. მაგალითად, ერთ–ერთი იყო ჩვენი ოჯახის ბანკის კრედიტი, რომელიც დღესაც გვაქვს. სახლი ავაშენეთ და ამისთვის ბანკიდან 250 ათასი ლარი ავიღეთ 10 წლის ვადით. მაია რომ სამსახურიდან გამოაგდეს, ჩემი შვებულება დაემთხვა და ჩვენს ოჯახს ცოტა გაუჭირდა. ბუნებრივია, ამ საკითხს სახლში ყოველდღიურად განვიხილავდით. პრეზიდენტმა თქვა, ზოგ–ზოგიერთ წარსულში ცნობილ სახეს დიდი კრედიტები რომ აქვს და ვეღარ იხდის, ახლა ვის მიეყიდოს, არ იცისო. ჩვენ ჩვეულებრივად სახლში ვილაპარაკეთ და მეორე დღეს ჩვენი საუბრის შინაარსი პრეზიდენტს მაგიდაზე ედო. კიდევ იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. 

– ქალბატონ მაიას ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მინდა, ძმებს მამაზე გკითხოთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? 

სანდრო: ლაშა თავისი ოჯახით მამასთან ცხოვრობს, მე დედასთან ვარ, ასე გავიყავით. დედას და მამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მათი გადასაწყვეტია, ერთმანეთთან როგორ იქნებიან, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს ურთიერთობაზე მშობლებთან. მეტს ვერაფერს გეტყვით. 

– მშობლების დაშორებას შვილები ძალიან განიცდიან, მაგრამ ბიჭებისთვის რატომღაც უფრო რთულად გადასატანია ხოლმე ეს ამბავი. თქვენ როგორ შეხვდით მათ განქორწინებას? 

სანდრო: პირადად მე მათი განქორწინების წინაპერიოდს უფრო განვიცდიდი. როცა გაიყარნენ, მაშინ განცდებისგან უკვე დაცლილი ვიყავი. საკმაოდ განვიცდიდი მათ ასეთ დაძაბულ ურთიერთობას და იმას, რომ შეიძლებოდა მათი ურთიერთობა დამთავრებულიყო. არ გვინდოდა, რომელიმე მათგანი მარტო დარჩენილიყო და ამიტომაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ერთ შვილს დედასთან გვეცხოვრა და მეორეს – მამასთან. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ცალკე გვეცხოვრა, მაგრამ არ დავუშვებდი, რომ დედა მარტო დარჩენილიყო. მგონი, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. 

– ქალბატონო მაია, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტეთ ქმართან დაშორება, შვილებს ესაუბრეთ, მათი აზრით დაინტერესდით? 

მაია: ერთსაც ვკითხე და მეორესაც. 

– დაბოლოს, ქალბატონო მაია, წელს როგორ მოუწევთ მე–12 კლასელებს სასკოლო გამოცდების ჩაბარება და ეროვნული გამოცდები ისევ ძველი ფორმატით ჩატარდება თუ არა? 

მაია: ახლა გარდამავალი პერიოდია. წელს გამოსაშვებ გამოცდებს სკოლები ჩაატარებენ. 2013 წლის შემოდგომიდან კი გამოსაშვები გამოცდების სისტემას განვაახლებთ. ძალიან მარტივი და, ჩემი აზრით, ლოგიკური ცვლილებები იგეგმება. სასწავლო გეგმის მიხედვით, ოთხ ძირითად საგანს მოსწავლეები მე–11 კლასის ბოლოს ჩააბარებენ – ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში. მე–12 კლასის დასასრულს ჩააბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას, მათემატიკას და ისტორიას. ეს პრინციპი მოერგება ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება მომავალში განხორციელდეს. 

საშუალო განათლების საფეხურზე სერიოზული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებებს მოერგება სწორედ ისეთი ტიპის გამოცდები, რაზეც გესაუბრეთ. ეს სისტემა ბავშვს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ რომელიმე საგანში ჩაიჭრება, მეორე წელს კიდევ გავიდეს გამოცდაზე და ხელმეორედ ჩააბაროს. ეროვნულ გამოცდებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. მეცხრე წელია ასე ტარდება. აქამდე ძალიან კარგად იმუშავა და წელს ყველაფერი ისე იქნება, როგორც გასულ წელს იყო. 

ქეთი დინოშვილი

sana.ge

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6935
EUR3.0291
GBP3.5021
RUB4.2126
თბილისი 4°-8°
ქუთაისი 4°-11°
ბათუმი 7°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia